ეპიდემიოლოგიური მონაცემების დამძიმებასთან ერთად ჩქარდება ვაქცინაციის ტემპები.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შემოტანილ ჩინურ „სინოფარმს“ ჯანმო-ს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, ქვეყანაში მასზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. რეგისტრაციის დაწყებიდან თითქმის 24 საათის შემდეგ თბილისში ჯავშნები პრაქტიკულად ამოწურულია, მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია რეგიონებშიც. კვლევები აჩვენებს, რომ ტრადიციულ მეთოდებზე დამზადებული ვაქცინა ყველაზე ეფექტური 60 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვისაა. ამ ვაქცინით აცრა 4 მაისიდან დაიწყება. ინფიცირებულთა ზრდის მკვეთრი მატების გამო დღიურმა, კვირის და ორი კვირის მაჩვენებლებმა უკვე გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელიც შეზღუდვების დაწესების საკითხს ააქტიურებს. თუმცა მესამე ტალღასთან გამკლავების პოლიტიკა ამ ეტაპზე უცვლელი რჩება – ხელისუფლება ინფექციის გავრცელების შეკავებას, რეგულაციების აღსრულების კონტროლის გამკაცრებით ცდილობს.