ევროპა ენერგეტიკული კრიზისის საფრთხის წინაშე დგას. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ენერგორესურსების გაძვირება მოსახლეობის ჯიბეზე აისახება. ევროპის ცალკეულ ქვეყნებში მოქალაქეებს კოლაფსის თავიდან ასაცილებლად დამატებითი გადასახადის გადახდა და ბუნებრივი აირის ეკონომიურად გამოყენება მოუწევთ. ახლა ევროკავშირის მთავარი ამოცანა რეზერვების შევსება, გაზის მისაღებად ალტერნატიული ბაზრების მოძიება და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაა. სანქციების პასუხად მოსკოვი ენერგეტიკული რესურსების პოლიტიკური შანტაჟის იარაღად გამოყენებას არ წყვეტს. ზამთრის მოახლოებასთან ერთად საფრთხე კიდევ უფრო იზრდება. ევროპის ქვეყნებში ყველაზე მძიმე სცენარისთვის ემზადებიან და არ გამორიცხავენ, რომ მიწოდების მოცულობის შემცირების შემდეგ რუსეთმა ევროპას გაზმომარაგება შესაძლოა საერთოდ შეუწყვიტოს.