გასაჯაროებული მონაცემების თანახმად, გამოკითხულთა 76 % მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა. მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ახალი პარლამენტის მიერ ადამიანების ინტერესების გასატარებლად, საჭიროა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს, – 82 % ეთანხმება, ხოლო არ ეთანხმება მხოლოდ 9 %. ერთმანეთთან თანამშრომლობაზე დასმულ შეკითხვაზე მოპასუხე ოპოზიციის მხარდამჭერებიდან კი 80 % ეთანხმება მოსაზრებას – „იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში“.
„ენდიაის“ კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ნაწილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველ პარტიას აქვს. გამოკითხულთა 31 % ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. კითხვაზე – „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, გამოკითხულთა 25 %-მა განაცხადა, რომ არც ერთი. პასუხზე უარი თქვა 24 %-მა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა 5 %-მა. არ იცის 5 %-მა.
„ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 %. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.