„ჩიტები“ – ფილმი, რომელსაც ელდარ შენგელაია ძმის, გიორგი შენგელაიას ხსოვნას უძღვნის. სევდანარევი კომედიის პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს პირველი არხის თანადაფინანსებით გადაიღეს. ორი მეგობრის ისტორიაზე აგებული ფილმი თავისუფლების იდეაზეა. ფილმის სცენარი ამირან დოლიძეს ეკუთვნის, მუსიკა დათო ევგენიძეს. ფილმში პაატა მოისწრაფიშვილი და ტრისტან სარალიძე მონაწილეობენ.
ახალი ნამუშევრის ტელეპრემიერას საქართველოს პირველი არხის მაყურებელი 26 მაისს, 23:00 საათზე, „მოამბის“ დასრულების შემდეგ იხილავს. საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ არხი ძალიან ამაყია, რომ ელდარ შენგელაიას ფილმის თანამონაწილეა.
„პირველი არხისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული კინოს ფენომენი, მისი დიდი ისტორია და ის განგრძობითობა, რომელიც გვაქვს. ამიტომ ნებისმიერი ქართული კინო არის ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. იშვიათად ვხმარობთ სიტყვას ლეგენდარული და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბატონი ელდარ შენგელაიას ფილმის თანამონაწილეები ვართ და ვართ საოცრად ამაყი. ეს არის ტრილოგიის მეორე ნაწილი, ველოდებით მესამეს და პირველი არხის მაყურებელი არის ბედნიერი, რომ ტელეპრემიერა სწორედ ამ არხზე შედგება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ტრილოგიის მესამე ფილმზე – „სიმღერა“ მუშაობა დასრულებულია და ელდარ შენგელაია მას ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას უძღვნის.