ორ სახელისუფლებო შტოს შორის ურთიერთობა მწვავდება.
პრეზიდენტი და მთავრობა ერთმანეთს, მხოლოდ წერილობით ეკონტაქტებიან. სალომე ზურაბიშვილს მთავრობის ადმინისტრაცია ტყუილის გავრცელებაში, პრეზიდენტი კი აღმასრულებელ ხელისუფლებას არასასურველი დაძაბულობის გამოწვევაში ადანაშაულებს. თქვა თუ არა პრეზიდენტმა ხუთი ელჩის დანიშვნაზე და ერთის გათავისუფლებაზე უარი, ამ საკითხზე ორივე მხრიდან ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს ვისმენთ. ათონელის რეზიდენციიდან მთავრობას ზრდილობაზეც მიუთითებენ. მალე დავა სამართლებრივ სივრცეში, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს, რომლისგანაც მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უფლებამოსილებების განმარტებას და პრეზიდენტის მხრიდან ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევის დადასტურებას ითხოვს. დავის დაწყებამდე კი პოლიტიკური განცხადებები და რიტორიკა სულ უფრო მძიმდება. უფლებამოსილებებზე თვეების განმავლობაში არსებული უთანხმოება საჯარო ხდება.