„ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში წერია, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მიმართ არც საერთაშორისო და არც აშშ-ის სანქციები არ ვრცელდება. უწყების განცხადებით, აღნიშნული კამპანია სრულად პოლიტიზებულია და მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის მიზანმიმართულ ხელის შეშლას. მეტი სიცხადისთვის აღვნიშნავთ, რომ 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია შეიყვანა ე.წ Entity List-ში. ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, ამერიკული კომპანიები ამავე დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროდან საჭიროებენ ლიცენზიას გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის, სოფტვერის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე თუ მათ სურთ ტრანზაქციების განხორციელება ე.წ Entity List-ში მითითებულ კომპანიებთან. შესაბამისად, ზემოხსენებული კომპანიების შესაბამის სიებში შეყვანა გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვებს და არა მათ დასანქცირებას – შეზღუდვები არ წარმოადგენს კომპანიების აქტივების მაბლოკირებელ სანქციებს და არ ზღუდავს არანაირ ფინანსურ ტრანზაქციებს CCCC და მის კომპანიებთან, თუ აღნიშნული ტრანზაქცია არ მოიცავს ექსპორტს, რეექსპორტს და ზემოხსენებულ ტრანსფერებს. ასევე ის არ ზღუდავს სხვა პირებს, შეიძინონ რაიმე სახის მომსახურება ან საქონელი CCCC-დან და მისი შვილობილი კომპანიებისგან“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.