ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე ერთი პირი ორი დღის წინ დააკავა. მისი სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს.

ამავე საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ოპოზიციის სამი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და ნიკა მელია. მათ შსს-ში დაკითხვაზე უარი თქვეს და მაგისტრი მოსამართლის პირობებში გამოიკითხებიან, თუმცა გამოკითხვის დრო ჯერ ცნობილი არ არის.