ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქუთაისში, სადაც ფოთისა და ჩხობაძის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა. დაზიანდა ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. დაზარალებულები ამბობენ, რომ მათი სახლები ყოველი ძლიერი წვიმის დროს იტბორება. სტიქიის შედეგად ერთ-ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში მუშაობდა შესაბამისი სამსახური. ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალური სერვისებში“ აცხადებენ, რომ სანიაღვრე სისტემას დროის მოკლე მონაკვეთში ჭარბად მოსული ნალექის გატარება გაუჭირდა, რამაც სხვადასხვა ქუჩაზე პრობლემა შექმნა.