ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი: ჰერეთისკარი, წითელი გორი და ჭიაური დააზარალა. სანიაღვრე არხებმა უხვი ნალექი ვერ გაატარა, დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი. მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ ადგილზე უკვე მუშაობს სამაშველო სამსახური და მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში ეხმარება. ძლიერი ნალექის გამო, კახეთში რამდენიმე სოფელში სახლის ეზოები და სარდაფები დატბორა. სოფელ ვაქირში, 4 ავტომანქანა წყალში ჩარჩა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა 6 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ლაგოდეხისა და სიღნაღის სოფლებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. მეხანძრე-მაშველები რამდენიმე სახლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტექნიკით მიმდინარეობს სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები.