ძლიერმა სეტყვამ დედოფლისწყაროს სოფლები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ დედოფლისწყარო და მუნიციპალიტეტის სოფლები მაჩხაანი, არბოშიკი და სამრეკლოც დააზარალა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ზარალის შეფასება დღეიდან დაიწყება.

ანალოგიური ვითარებაა ყვარელშიც, სადაც მდინარე დურუჯი ადიდდა და ჯებირები და დამბები დააზიანა. დაიტბორა მოსახლეობის კუთვნილი სახნავ-სათესი ფართობები. ადიდებულმა მდინარე სტორმმა სოფელ ფშაველის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა, რის გამოც, ონკანებში დაბინძურებული წყალი მოდის.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სალიკვიდაციო სამუშაოების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც. მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტებში არსებული ტექნიკა. სტიქიის ზონაში, პრევენციის მიზნით, რჩებიან პოლიციის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები.