ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმსა და მახინჯაურში.
უხვი ნალექის გამო ზრვისპირა ქალაქში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. წყალი საცხოვრებელ სახლებსა და სარდაფებშიც შევიდა. დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ბათუმის მერი იმყოფებოდა. მისი განცხადებით, რიგ უბნებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და შესაძლოა ეს გახდა მიზეზი, რომ წყლის გამტარიანობა გარკვეულად შეზღუდულია. მახინჯაურში კი, უხვი ნალექის შედეგად ცენტრალური ქუჩა დაიტბორა. სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. დაახლოებით ნახევარი საათი კი ჩაკეტილი, რამაც ბათუმისა და ჩაქვის მიმართულებით საცობები გამოიწვია. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, უხვი ნალექის დროს საავტომობილო გზა ხშირად იტბორება. ისინი მიზეზად გაუმართავ სანიაღვრე არხებს ასახელებენ. შპს „ბათუმის წყლის“ თანამშრომლებმა სანიაღვრე ჭები და არხები გაწმინდეს, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი სულ 40-მდე შეტყობინება შევიდა.