შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დუშეთში დაკარგულ ბავშვს ეძებენ. ბავშვის მშობლები კი სამართალდამცველებმა უკვე იპოვეს. დაღუპულები საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეები არიან. შსს-ში აცხადებენ, რომ 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ.
შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 მაშველი აღნიშნულ სოფელში გაემგზავრნენ.
პოლიციელებმა და მაშველებმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. ერთ-ერთი დაკარგული ტურისტი ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენი ორი ტურისტის სამძებრო და სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და ღამის საათებში ცუდი ხილვადობის გამო, შეჩერებული იყო.
სამუშაოები მოგვიანებით განახლდა. ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ტურისტი იპოვეს. არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.