აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს მანჰეტენის პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ და ის პირველი ექსპრეზიდენტი გახდება, რომელიც მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. ტრამპი უკვე იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც ის ფლორიდიდან ჩავიდა. ღამე კი ყოფილმა პრეზიდენტმა მანჰეტენზე „ტრამპ თაუერის“ რეზიდენციაში გაატარა. დონალდ ტრამპს ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენის დახმარებით პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ 130 ათასი დოლარის გადახდის გამო წაუყენებენ ბრალს, რომელიც წინასაარჩევნო ფონდიდან, საარჩევნო კოდექსის დარღვევით განახორციელა.