დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა – ასეა კვალიფიცირებული ფლორიდაში მომხდარი შემთხვევა.
გოლფის კლუბში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ბოლო ორ თვეში ტრამპის სიცოცხლე უკვე მეორედ დადგა საფრთხის ქვეშ. ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს 58 წლის რაიან უესლი რუთი, რომელიც გუშინდელი ინციდენტის დროს აიყვანეს. ჰავაიში მშენებლობაზე დასაქმებულ რუთს დაკავების დროს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. გავრცელებული ცნობით, იყო გასროლაც, თუმცა ჯერ გაურკვეველია, გაისროლა რუთმა, თუ ეს იყო გამაფრთხილებელი გასროლა საიდუმლო სამსახურის მხრიდან. როგორც ადგილობრივ მედიაში წერენ, დაკავებული მამაკაცი სოციალურ ქსელში ხშირად აკრიტიკებდა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, უკმაყოფილო იყო მისი პოლიტიკით, განიხილავდა პოლიტიკურ თემებს და აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება და შესაბამისად, საარჩევნო გარემოც მძიმდება. წინასაარჩევნო მარათონში ჩართული დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის მუხლით კიდევ ერთი საქმე აღიძრა.