„აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი რუსეთს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, რომ უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დმიტრო კულებამ უკრაინის მოსახლეობასაც მიმართა და სთხოვა არ აყვნენ პანიკას, რადგან ამით ისევ პუტინი სარგებლობს. კულებას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა სამი მიმართულებით მუშაობს: ეს არის რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, მოსკოვისთვის პარტნიორებისგან მკაფიო გზავნილის გაკეთება, რომ უკრაინაში შეჭრა დაუშვებელია და რაც შეიძლება მეტი სამხედრო დახმარების მიღება. შეგახსენებთ, რომ გუშინ კიევში ამერიკის სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი უკვე ჩავიდა. პარალელურად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, უკრაინაში ამერიკის საელჩო თანამშრომლების ოჯახის წევრების ევაკუაციას იწყებს. მოგვიანებით, „ამერიკის ხმის“ უკრაინულმა გამოცემამ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ცნობები სიმართლე არ არის.