„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ევროპა სამხედრო გზით არ ჩაერევა“, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპას არ სურს ომის გაფართოება, ამიტომ სამხედრო ინტერვენცია არ იქნება“. ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და რუსეთის ეკონომიკას ზიანი მიაყენოს, რათა კრემლმა ომი არ გააგრძელოს. მისივე თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია, რადგან ვლადიმერ პუტინმა საომარი მოქმედებები შეიძლება სხვა ქვეყნებში გააფართოოს. ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მას დაუყოვნებლივ დადებითად უპასუხა.