სულ ცოტა ხანში იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება, რომელსაც უამრავი მორწმუნე დაესწრება. იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, ამ დროისთვის უკვე ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იმყოფებიან.
წმინდა ცეცხლის რიტუალს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა, კოპტების და სირიული ეკლესიების მღვდელმსახურები აღასრულებენ. მოციქულთა და წმინდა მამების გადმოცემების მიხედვით, პირველად წმინდა ცეცხლმა უფლის საფლავი ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომამდე გაანათა. ამ სასწაულის მოწმე მოციქული პეტრე იყო.
გადმოცემის მიხედვით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელს ზეთი დააკლდა და ამ დროს პატრიარქის კურთხევით კანდელში სილოამის ემბაზის წყალი ჩაასხეს და სწორედ ამ დროს მოხდა სასწაული, ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა ყველა კანდელი აანთო და მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა. წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.