დღეის მონაცემებით, საქართველოში აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული

აივ/შიდსის შემთხვევებმა 7000 გადააჭარბა. საგანგაშო სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით მაჩვენებელი გაზრდილია.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნიზაციის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის 20 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა, რაც 30-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

დღევანდელი მდგომარეობით სულ 7032 შემთხვევაა რეგისტრირებული, თუმცა ოფიციალური მონაცემები რეალურ სურათს არ ასახავს და ციფრები ბევრად დიდია.

ინფექციების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.

დღეს მსოფლიო შიდსით გარდაცვალებულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. თარიღი 1983 წლიდან მაისის ყოველ მესამე კვირას აღინიშნება.

წელს მისი დევიზია – „გავიაზროთ ჩვენი წარსული და მოვემზადოთ მომავლისთვის“.