აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამები სახელმწიფო დაფინანსებაზე გადადის
აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამები სახელმწიფო დაფინანსებაზე გადადის

აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის პროცესში, მათი მდგრადობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ქმედებების განსახილველად, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული ფორუმი გაიხსნა.

ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით არსებულ საკითხებზე მსჯელობისთვის მსგავსი ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოში რამდენიმე წელია, მოქმედებს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, რომლის ამოცანას საერთაშორისო პარტნიორთან  – „გლობალურ ფონდთან“ ერთად ტუბერკულოზსა და შიდსზე მკურნალობისა და პრევენციის ძირითადი მიმართულებების სწორად წარმართვა წარმოადგენს. გლობალური ფონდის დაფინანსება გასვლის ფაზაშია, თუმცა თანამშრომლობის ეს ფორმატი სხვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეხვედრაზე ყურადღება გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადების მზადების პროცესზე,  აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის კონტროლის მიმდინარე ინიციატივებსა და მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გამახვილდა. მხარეებმა სერვისცენტრის ბაზაზე C ჰეპატიტის მკურნალობის ინტეგრირების მნიშვნელობის,  ნარკოპოლიტიკის, ზიანის შემცირების პროგრამების, სერვისების მიწოდების საკითხები განიხილეს და დაავადებებთან ასოცირებული სტიგმის აღმოფხვრასთან დაკავშირებით თემის ხედვა გაიზიარეს.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წლების განმავლობაში, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამები გლობალური ფონდის დაფინანსებით ხორციელდებოდა. სამომავლოდ კი, პროგრამა სახელმწიფო დაფინანსებაზე გადავა. ფორუმი აღნიშნულ პროცესში პროგრამის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის კოორდინირებული ქმედებების განხილვას ემსახურებოდა.

შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.