სანატორიუმ „ქართლის“ მაცხოვრებლების მოთხოვნა უცვლელია. დროულად მოხდეს მათი ბინებით დაკმაყოფილება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი თქმით, ისინი კვლავ იბრძოლებენ მათი მიზნისთვის, რაც ბინების მიღებას ეხება. მათ დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ამასთან ისინი ამბობენ, რომ გუშინ გარდაცვლილი მათი მეზობლის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, რითიც გარდაცვლილის სახელი ილახება. სანატორიუმ ქართლის მაცხოვრებლებს ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველი შეხვდა, რომელიც მზად არის მედიატორის ფუნქცია შეასრულოს სახელმწიფოსა და ყოფილი სანატორიუმის მცხოვრებლებს შორის.
გუშინ გარდაცვლილ მოქალაქესთან დაკავშირებით, დღეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. მისი თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს უბედური შემთხვევაა. მან თხოვნით მიმართა საზოგადოებას გამოძიებას დაელოდონ და ამას დევნილების პრობლემებს ნუ დაუკავშირებენ.