სუს-ის ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ, ოპოზიცია დამატებით განმარტებებს და კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს. არსებობს თუ არა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გუშინდელი საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ ამ თემას მმართველი გუნდისთვის აქტუალობა არ დაუკარგავს. ცნობილი ხდება, რომ ცხრა თვის წინ დაწყებული გამოძიების დროს გასაჯაროებული მასალები სუს-ის მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილია. დანარჩენების გამოქვეყნების დრო არ კონკრეტდება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო დაწყებული მწვავე პროტესტის და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, მოვლენების რევოლუციური გზით შესაძლო განვითარების სცენარზე საუბარი სულ უფრო აქტუალური ხდება. პოლიტიკური აქტორების მხრიდან დესტაბილიზაციის გეგმის კატეგორიული უარყოფის პარალელურად, ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები მმართველი პარტიისთვის დამატებითი მტკიცებულებებია. თუმცა ის, რაც აღკვეთილი თუ ჯერ ისევ აღსაკვეთი საფრთხეა „ქართული ოცნებისთვის“, მოსახლეობის დაშინების რუსულ მეთოდად და პროპაგანდის ნაწილად განიხილება ოპოზიციურ ფლანგზე. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს აინტერესებს, რა შედეგებით დასრულდა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრულ საქმეებზე წლების წინ დაწყებული გამოძიება.