საქართველოს მთავრობა დეოკუპაციისა და შერიგების მიმართულებით, ახალ სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს.
სპეციალურ სამთავრობო კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს. კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფიც და სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, წლის ბოლომდე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის ყოვლისმომცველი დოკუმენტი შემუშავდება. სტრატეგიაში იქნება გაწერილი თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ე. წ. საზღვრისპირა სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის და მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების საპასუხოდ. ოკუპაციის პირობებში, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და ტყვეობის საკითხი. ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ზაზა გახელაძე, რომელსაც ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მისი ოჯახის წევრები ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ და გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს აანონსებენ.