უცხო ქვეყნის უხეში ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, – ასე აფასებს მმართველი გუნდი დემოკრატიის ფესტივალს, რომელიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დაფინანსებით წალენჯიხასა და თელავში ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ იყო. ფესტივალზე, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრის საშუალება ჰქონდათ, გამოფენილი იყო მათი საარჩევნო ატრიბუტიკა და მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პლაკატები, მისივე გათავისუფლების მოთხოვნით. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნება“ დანიური დაფინანსებით ჩატარებულ ფესტივალს ოპოზიციის წინასაარჩევნო პლატფორმად აცხადებს და კითხვები შეხვედრების ორგანიზატორებთან აქვს. მმართველი გუნდის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ როგორც ოპოზიციაში, ისე შეხვედრის ორგანიზატორ ორგანიზაციაში, სადაც აცხადებენ, რომ მსგავსი ფესტივალები დანიური პრაქტიკაა და შეხვედრები მომავალშიც გაიმართება. თუმცა, ფესტივალის ორგანიზატორს დღეს დამატებითი განმარტებების გაკეთება მაინც მოუხდა.