არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ევროპარლამენტიდან ტონი კიდევ უფრო მკაცრდება.
14 დეპუტატის ავტორობით მზად არის საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომელიც უმძიმეს ჩანაწერებს და ფორმულირებებს შეიცავს. დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ამოქმედდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, გათავისუფლდეს და უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვან მიხეილ სააკაშვილი, გაიყინოს მთავრობისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარებები – ასეთია მთავარი მოწოდებები. ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის არგუმენტით 14 ევროპარლამენტარი ბოლო თვეებში პროტესტის ფონზე მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონის გაუქმებასაც ითხოვს. მძიმეა პროექტის სახელწოდებაც – „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეები“ – ასეა დასათაურებული დოკუმენტი, სადაც მწვავედ არის გაკრიტიკებული მმართველი პარტიის ლიდერების რიტორიკა. ხელისუფლება არცერთი მოწოდების გათვალისწინებას არ აპირებს. რეზოლუციის პუნქტების ნაწილს ოპოზიციის ნაწილიც არ ეთანხმება. კენჭისყრა ორ დღეში იგეგმება, მანამდე კი ევროპარლამენტში საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე ამ წუთებში დებატები მიმდინარეობს. კეთდება საკმაოდ მწვავე და გამაფრთხილებელი განცხადებები.