ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება პარტია „განაახლე ევროპის“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე, რომლის სახელწოდებაცაა „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“. დოკუმენტი 18 პუნქტისგან შედგება და მათ შორის მოუწოდებს ევროკომისიას, სასწრაფოდ შეაფასოს, თუ რა გავლენას ახდენს საქართველოს კანონმდებლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ასევე გენდერული კვოტების გაუქმება და სხვა ცვლილებები მის საარჩევნო კანონმდებლობაში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების რეალიზაციასა და ზოგადად, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ასევე მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში ან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაში; იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოს მიმართ, განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაში მისი როლისთვის; რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საქართველოს კომერციულ ბანკებს, განახორციელონ საერთაშორისო სანქციები; იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის საშუალება. დოკუმენტის კენჭისყრა 9 ოქტომბერს გაიმართება.