არცერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია – ასე პასუხობს „ქართული ოცნება“ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს, დავით არახამიას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე გააკრიტიკა. არახამიას თქმით, მას აინტერესებდა, 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლის თავზე მაინც საქართველოს მთავრობას თუ ეყოფოდა გამბედაობა, აგრესორი გაეკიცხა, თუმცა, მისი მტკიცებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არანაირი რეაქცია არ ყოფილა, რაც, მისი აზრით, შიშით და რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობითაა განპირობებული.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც არახამიამ მიმართვაში ისაუბრა, სანქციებს ეხება და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილიც ახსენა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც საქართველო უკრაინას გვერდში უდგას, დავით არახამიას მხრიდან მსგავსი განცხადებები საქართველოს მიმართ არამეგობრულია. განსხვავებულად აფასებენ არახამიას განცხადებებს ოპოზიციაში.