შიდა განხეთქილება ოპოზიციურ პარტიაში. გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. პარტიიდან წავიდნენ თამარ ჩერგოლეიშვილი, ვახტანგ კალოიანი და გიორგი ნონიაშვილიც. დაპირისპირების მიზეზად პრაიმერიზის წესზე უთანხმოება დასახელდა. როგორც ირკვევა, არსებობდა ორი პარტიული საარჩევნო სია, რაზეც „ნაციონალური მოძრაობიდან“ 2016 წელს წამოსული პოლიტიკოსები ვერ შეთანხმდნენ და მათი გზები გაიყო. ახლა საინტერესოა, რა გზას აირჩევს „ევროპული საქართველო“- იბრძოლებს მარტო თუ რომელიმე ოპოზიციურ ცენტრს შეუერთდება. გეგმებზე არ საუბრობს გიგა ბოკერიაც, შესაბამისად, უცნობია შექმნის თუ არა ის ახალ პარტიას, ან განიხილავს თუ არა რომელიმე ოპოზიციურ კოალიციასთან თანამშრომლობას. ეს შიდა პარტიული დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ევროპული საქართველოდან“ სხვა ლიდერებიც წავიდნენ. მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფების პროცესი გაგრძელდება.