ვაშინგტონთან და ბრიუსელთან გაუარესებული ურთიერთობა და გზავნილები, რომლებიც ყოველდღიურად მძიმდება.
აშშ და ევროკავშირი საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის პროცესში არიან. ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების გაურკვეველი დროით გადადების და ევროკავშირის ფონდიდან თავდაცვის სფეროსთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების შეჩერების შემდეგ საქართველოს მიმართ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე უარს ამბობს გერმანია. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულად ცხადდება, პროცესის გაგრძელების და ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის პირობები ვაშინგტონის და ბრიუსელის მხრიდან ნათლად განსაზღვრულია. პროტესტის და საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებების ფონზე მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი და „გლობალური ომის პარტიასა“ თუ მეორე ფრონტის გახსნაზე განცხადებები ის მთავარი ფაქტორებია, რომლებსაც ბრიუსელი და ვაშინგტონი ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლის და ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის არგუმენტად ასახელებენ. უკვე მიღებულ და დაანონსებულ გადაწყვეტილებებს უსამართლოდ მიიჩნევს ოფიციალური თბილისი – მითუმეტეს გეოპოლიტიკური დაძაბულობის და რუსეთიდან გაზრდილი საფრთხეების ფონზე.