„თიბისი ბანკის“ რეზონანსული საქმის საპარლამენტო განხილვა ჩაიშალა.
უმრავლესობა და ოპოზიცია ფორმატზე ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი დავა იმაზე, დაეხურათ თუ არა დღევანდელი შეხვედრა, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი „თიბისის“ ინტერესების დაზიანების არგუმენტით სხდომის საჯაროობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.
რომან კაკულიასგან და „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან გასხვავებით, ეს არგუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის და თავად მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის, რომლებიც მათ წინააღმდეგ მიმდინარე ორკესტრირებულ შეტევაზე დღესაც საუბრობდნენ. უმცირესობა სხდომის ჩაშლის მიღმა პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს და „თიბისის“ დამფუძნებლებს ამჯერად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იწვევს.