გორის ორგანიზაციის თავმჯდომარისა და რამდენიმე აქტივისტის შემდეგ პარტია “ევროპული საქართველო” ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ დატოვა. მისი განცხადებით, ამის მიზეზი “ევროპული საქართველოს” “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობაა.
პარტია “ევროპულ საქართველოში” კი აცხადებენ, რომ მათი პარტიის წევრებზე ზეწოლას “ქართული ოცნება” ახდენს და სწორედ ამიტომ ტოვებენ მათ რიგებს ადამიანები. ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ “ქართულ ოცნებაში”.
“ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ პარტია სწორედ ამ მიზეზით დატოვა. ირაკლი ღურწკაია კი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს.
ღურწკაია განმარტავს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. მომხდარს აფასებენ უმრავლესობაში, სადაც აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ერთი ორგანიზაციაა, ამდენად “ქართული ოცნებისთვის” გასაკვირი არ არის, თუ რატომ ემიჯნებიან ადამიანები “ნაციონალურ მოძრაობას”.