მწვავე ხელჩართული დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში. სხდომის დაწყებამდე ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გია უკლება დაუპირისპირდა.
ჩხუბი საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო და დერეფანში გაგრძელდა. მასში უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ და გია უკლებას დაზიანებები სახის არეში მიაყენეს. დაპირისპირებაში მონაწილეობდა მერიის ერთ-ერთი თანამშრომელიც.
მომხდარის მიზეზებზე ორი ვერსია ვრცელდება. პირველი ვერსიით, დაპირისპირება მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ შეცდომას უკავშირდება. გავრცელებული ცნობით, ქუთაისში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკვერი განათდა, რეალურად კი სკვერი იაკობ ნიკოლაძის სახელობისაა. ამის გამო მერიას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარი ქალაქის ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდეს. მეორე ვერსიით, დეპუტატებს შორის ჩხუბი გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს მოყვა, სადაც უკლება სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს აგინებდა.