ევროკავშირის ოფისის შესასვლელი დღეს სიტყვიერი დაპირისპირების ადგილად იქცა.
მოვლენების ეპიცენტრში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეები აღმოჩნდნენ. მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, მასთან ნიკა მელია მიიჭრა და დმანისის ინციდენტი შეახსენა, სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ სიტყვიერი კამათი ლამის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ისმოდა შეურაცხმყოფელი და უცენზურო სიტყვები ერთმანეთის მისამართით. მმართველი პარტიის ლიდერი ოპონენტს ღია პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. ოპოზიცია კი დღევანდელ ინციდენტს მძიმე საარჩევნო გარემოს დემონსტრაციად აცხადებს.
არჩევნებამდე ათი დღით პოლიტიკური ძალების ლიდერები ევროკავშირის ოფისში მივიდნენ და წინასაარჩევნო ვითარებაზე დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.