დაპირისპირება და დაკავებულები საპროტესტო აქციაზე

მძიმე აღმოჩნდა 30 აპრილის ღამე.

ათეულობით დაკავებული და რამდენიმე დაშავებული – საღამოს შვიდ საათზე დაწყებული საპროტესტო გამოსვლა დილამდე გაგრძელდა. დაზარალებულებს შორის მოქალაქეებთან ერთად არიან პოლიციელებიც. ვითარება საღამოს ცხრა საათზე, სადავო კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დასრულებისთანავე დაიძაბა. დემონსტრანტებმა პარლამენტის შესასვლელებთან განლაგება სცადეს. მათთან ერთად იდგნენ ოპოზიციონერი ლიდერებიც. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციის მხრიდან ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. მოწოდებების მიუხედავად, დემონსტრანტები არ იშლებოდნენ და რუსთაველის გამზირზე ბრუნდებოდნენ. იყო პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობები, ცენტრალურ გამზირზე აღმართეს ბარიკადებიც. აქციის მონაწილეები პოლიციელების მიერ გამოვლენილ ძალადობაზე საუბრობენ. ცალკეულ სამართალდამცავთა ქმედებებზე ძიება დაწყებულია. არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებს სახალხო დამცველი. გვიან ღამით პროტესტის ეპიცენტრად იქცა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაც.