ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე „კონსერვატორული მოძრაობის“ ოფისთან გამართული აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთის მხრივ, „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები და მეორეს მხრივ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ერთმანეთს „სამშობლოს ღალატში“ ადანაშაულებდნენ. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის გამოც, ქალაქის ცენტრში საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო. აქცია ადგილობრივი მკვიდრის, ნიკოლოზ ბეგიშვილის მიერ იყო ორგანიზებული. მან აქცია რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში დააანონსა. ნიკოლოზ ბეგიაშვილის განცხადებით, მიუღებელია ის ფაქტი, რომ პარტიის წევრები საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ და ჟურნალისტებს ემუქრებიან.