16 000-მდე დაღუპული თურქეთში და 3 100-ზე მეტი მსხვერპლი სირიაში – ასეთია 6 თებერვალს მომხდარი თითქმის რვა მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგი.
მხოლოდ თურქეთში დაშავებულების რაოდენობა 60 000-ს აჭარბებს. 10 ათასობით ადამიანი კი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. 10 დაზარალებულ რაიონში 6 000-მდე სახლია დანგრეული. სტიქიამ საქართველოს სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. უსახლკაროდ დარჩენილთა ნაწილი ღია ცის ქვეშ იმყოფება, ნაწილი კი თავშესაფრებშია გადაყვანილი. სტიქიის რამდენიმე ზონაში მყოფი მოქალაქეები სამაშველო ჯგუფების დაგვიანებულ რეაგირებას და ჰუმანიტარული ტვირთის დროულად არ მიწოდებას აპროტესტებენ. გუშინდელი დღის შემდეგ განმეორებითი ბიძგები აღარ დაფიქსირებულა.