სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გამიზნულად შექმნა ყალბი „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის ანგარიშები, რისი მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10-დან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, უგზავნიდა მათ 15 წლის ასაკის ბიჭის ფოტოსურათებს, ეცნობოდა როგორც მათი თანატოლი, მოიპოვებდა ნდობას და აიძულებდა მათი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების და ვიდეოების გაგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ოჯახის წევრების მოკვლით. ასევე აშანტაჟებდა, რომ მეგობრებთან და ნათესავებთან გაავრცელებდა მათ შიშველ ფოტოსურათებს, რომელთაც შექმნიდა მათი საჯაროდ განთავსებული ფოტოების მონტაჟის გზით. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების მიერ აღმოჩენილი მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების ინტიმური ხასიათის ათეულობით ფოტო და ვიდეომასალა კანონით დადგენილი წესით განადგურდება.