სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ, დაზარალებულსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით სისტემატურად ემუქრებოდა. ასევე, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭიშკარზე მუქარის შემცველი ტექსტი დაწერა და დაშინების მიზნით იქვე საბრძოლო ვაზნა დატოვა. გარდა ამისა, შვილის წაყვანასთან დაკავშირებით, ბრალდებულს კონფლიქტი მოუვიდა დაზარალებულთან, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მუქარის ნიშნად იარაღიდან სამჯერ გაისროლა. დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება.