ერთი პირი დააკავა პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის. სამართალდამცავებმა 2000 წელს დაბადებული მამაკაცი, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობის, მისი ნივთის დაზიანებისა და მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მცირეწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით აიყვანეს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს – 1996 წელს დაბადებულ ე.ღ.-ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მცირეწლოვან შვილს და მეუღლის დედას.