დაკავება დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე

სუს-მა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატურად რიცხავდა სხვადასხვა დანიშნულებით კომერციულ ბანკებში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტ ტოტალიზატორებში. გამოძიების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985 ლარი, თუმცა საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა გრძელდება.

შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურის დასკვნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან დაუდგენელია ნახევარ მილიონამდე ლარის გახარჯვის დანიშნულება.