აჭარის პროკურატურამ რამდენიმე მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა.
დაკავებულთა შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი; განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ბაგრატ მანველიძე; ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე; ბათუმის ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე; ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი, ეგარსლან ლომაძე; ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხინთიბიძე; ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი, ბექა ხალვაში.
როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა. 7 პირს ბრალი ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვასა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.
საქმე ბათუმში ე.წ. იაფი სახლის მშენებლობის ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა სატენდერო პირობები, ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგეს.