ყაზახეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს საპროტესტო აქციაში მონაწილე ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ინფორმაციას ალმათის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ადასტურებს. მისი თქმით, მიმდინარეობს გარდაცვლილთა იდენტიფიცირება. მისივე თქმით, აღნიშნული პირები პოლიციის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ. გარდა ამისა, დაპირისპირების დროს დაღუპულია რვა და დაშავებულია 317 სამართალდამცველი და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელი. დილიდან ალმათის მერიასთან სროლის ხმა ისმოდა. მოგვიანებით სამხედროებმა რესპუბლიკის მოედანს ალყა მოხსნეს და ტერიტორია დატოვეს. გასული ღამის განმავლობაში, ალმათში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა. ქალაქის ქუჩებში სამხედროები და ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და მათი თავდასხმა ყაზახეთზე აგრესიის ფაქტად შეაფასა. სახელმწიფო დაწესებულებები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა. კვლავ გათიშულია ინტერნეტი. ფუნქციონირება შეწყვიტეს ბანკებმა.