აქციები პალესტინელი მოსახლეობის მხარდასაჭერად

აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და თურქეთში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა თქვეს, რომ ღაზის სექტორში ადგილი აქვს უდანაშაულო ადამიანების კოლექტიურ დასჯას. გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში კი აქციებზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. ფრანკფურტში, ლონდონსა და პარიზში პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა. ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე პოლიციასა და პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრანტების ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა. მანამდე, პროპალესტინური აქციის ათასობით მონაწილემ მსვლელობა გამართა ლონდონის ცენტრში. მათ ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვეს. პარალელურად, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში პროპალესტინური დემონსტრაციების გამართვა აკრძალა. პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა სტამბოლსა და ანკარაშიც.