სამართლებრივთან ერთად, 20-21 ივნისის მოვლენებს საპარლამენტო დადგენილების სახით პოლიტიკური შეფასებაც მიეცემა.
დეპუტატებს სამი სხვადასხვა პროექტის განხილვა მოუწევთ. პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული ქმედება,- ასეთ შეფასებას აძლევს უმრავლესობა საკუთარ პროექტში ორი კვირის წინ განვითარებულ პროცესებს და პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას ლეგიტიმურად მიიჩნევს, თუმცა ითხოვს როგორც ძალადობის ორგანიზატორთა და მონაწილეთა გამოვლენას, ისე სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამატების ფაქტების დროულად გამოძიებას.
„ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული დადგენილების ვერსიას მწვავე რეაქცია მოჰყვა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომლებსაც ალტერნატიული პროექტები აქვთ მზად.
ოპონენტთა მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება და იმის გარკვევაა, თუ როგორ აღმოჩნდა 20 ივნისის დილას რუსეთის დუმის დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე.