კიდევ ერთი სადაო კანონპროექტი და ხმაურიანი განხილვა პარლამენტში.
დეპუტატები ამჯერად იმაზე დაობენ, თუ ვინ უნდა ცნოს საკრებულოს ახლად არჩეული წევრის უფლებამოსილება – თვითმმართველმა ორგანომ თუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. კანონში ცვლილების შეტანის მიზეზი ბათუმის საკრებულოში შექმნილი დილემაა. ცოტა ხნის წინ გამართულ შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებამ თვითმმართველ ორგანოში ძალთა ბალანსი მმართველი პარტიის სასარგებლოდ გადაწყვიტა. საკრებულოში, სადაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თვეების განმავლობაში უმრავლესობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდა, ახლა უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს. თუმცა ოფიციალურად მისი გაფორმება ვერ ხდება, რადგან ახლად არჩეული მაჟორიტარის უფლებამოსილების ცნობისთვის ოპოზიცია პირობებს აყენებს.