„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ამ წუთებში პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით მსჯელობენ. კანონპროექტის გათვალისწინებით, კანონის დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი. მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში – დაეკისრებათ ჯარიმა. მმართველ გუნდის ამ ინიციატივას ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმება და კრიტიკულად აფასებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით კი, რეგულაციები ევროკავშირის დირექტივას ეფუძნება და არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს.