„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შალვა პაპუაშვილმა სადაც ვკითხულობთ. „მას შემდეგაც, რაც მიმდინარე წლის 2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა და, კანონის რეგულაციის არარსებობის პირობებში, ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის უფლებამოსილება დაეკისრა არა კანონის, არამედ შიდა რეგულაციის საფუძველზე. ეროვნული ბანკის მნიშვნელობიდან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის როლიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საჭიროა ამ ბუნდოვანების აღმოფხვრა, ასეთი ფუძემდებლური საკითხის არა შიდა რეგულაციებისთვის მინდობის, არამედ საკანონმდებლო რეგულაციის გზით. შესაბამისად, პარლამენტი, როგორც პასუხისმგებელი ორგანო, ვალდებულია იმოქმედოს და აღმოფხვრას არსებული ბუნდოვანება. სწორედ ამ პასუხისმგებლობით იყო ნაკარნახევი შესაბამისი ცვლილების ინიცირებაც და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა“ – წერს შალვა პაპუაშვილი.