„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. სხდომაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით დამტკიცდა და დეპუტატები დღესვე კენჭს მესამე მოსმენითაც უყრიან. საკითხის მომხსენებლისა და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, 2 მარტს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება ეწურება და შეიძლება მისი შემცვლელის დამტკიცება ერთი წელი ვერ მოხერხდეს და ეროვნული ბანკი პრეზიდენტის გარეშე დარჩეს. ამიტომ „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ამ კანონპროექტით, მსგავსი მოცემულობის წინასწარ გადაზღვევა ხდება. ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ უჭერს და დაგეგმილი ცვლილებების უკან „ქართული ოცნების“ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესს ხედავს. ოპონენტების ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ კატეგორიულად უარყოფენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა 2 მარტს ეწურება. რაც შეეხება ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხს, ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან, საბჭოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.