„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი, სავარაუდოდ, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მორიგი მიზეზი გახდება. პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების შერჩევის პროცესს პრაქტიკულად ჩამოცილდება. 2021 წელს ამოქმედებულ წესში ცვლილებები შედის, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრობის კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. იცვლება კანდიდატების ასარჩევად საჭირო კვორუმიც – თუ მანამდე თავმჯდომარის და წევრების ხუთი წლით ასარჩევად დეპუტატთა ორი მესამედის მხარდაჭერა იყო საჭირო, სხვა შემთხვევაში კი მათ მხოლოდ ექვსი თვით ირჩევდნენ, ახლა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და წევრების ვაკანტური ადგილების ხუთი წლით დასაკავებლად მხოლოდ 76 ხმაც იქნება საკმარისი. ოპოზიციასთან ერთად საკანონმდებლო ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ მესამე სექტორშიც. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მმართველ პარტიას ცესკო-ს თავმჯდომარის გაკონტროლების მცდელობაში ადანაშაულებენ და ევროკომისიის მეორე პუნქტს ახსენებენ.
პრეზიდენტი ჯერ დუმს.