ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში გავრცელებულმა ინფორმაციამ მსოფლიო შესაძლოა კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დააყენოს. გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ის ახალი ფორმა გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შესაბამისი კვლევები ტარდება. ამ ფონზე სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას იწყებენ. აშშ-ში კომპანია „პფაიზერის“ და „ბიოენტექის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას მწვანე შუქი აუნთეს. შემდეგი ქვეყანა, რომელიც მოსახლეობის ვაქცინაციას გეგმავს, ესპანეთი იქნება. ევროპის წამლის სააგენტოს ნებართვას ელოდებიან ევროპის სხვა ქვეყნებიც. ვაქცინაციის დაწყებამდე კი ევროპაში მკაცრი შეზღუდვები ძალაში რჩება. ზოგიერთ ქვეყანაში საშობაოდ ზომების კიდევ უფრო გამკაცრებაზე მსჯელობენ.