დღევანდელი დღე უმძიმესი თარიღია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. 13 ივნისის ტრაგედიიდან ცხრა წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს თბილისში განვითარებულმა სტიქიურმა პროცესებმა 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაკარგულად ითვლება ორი მოქალაქე. დაღუპულები, დანგრეული სახლები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, ასეულობით დაზარალებული, წყლით დაფარული ვერეს ხეობა და სიკვდილს გადარჩენილი მოქალაქეების შემზარავი ისტორიები – ცხრა წლის წინ, ამ დღეს ერთდროულად ცხრა გეოლოგიური და ჰიდრო-მეტეოროლოგიური მოვლენა განვითარდა. წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, დედაქალაქის დაძრული ღვარცოფული ნაკადი კი სვანიძის ქუჩაზე მდებარე გვირაბმა ვერ გაატარა. პირველი დარტყმა სწორედ სვანიძის ქუჩის მოსახლეობამ მიიღო. სტიქიის ეპიცენტრად იქცა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა და ზოოპარკი.